logo
ENG



ხვიჩია: ოპოზიციურ სპექტრს უნდოდა, პოზნერი გავრილოვად შეესაღებინათ ადამიანებისთვის

01 აპრ 202116:31
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/01/pikt75eiu468ode.jpg

იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა სცადა, პოზნერის ვიზიტზე რეაქცია ისეთივე მასშტაბურ პროტესტად ექცია, როგორც ეს სერგეი გავრილოვის შემთხვევაში მოხდა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. 

მისი განმარტებით, ოპოზიციურ სპექტრს უნდოდა შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ამ პროტესტით მოეგვარებინა.

"ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, ოპოზიციურმა ძირითადად, გადაწყვიტა, რომ ვერაფერ თემაზე ვერ "ვაგდებთ" ხალხს და, მოდი, ავაგდოთ გავრილოვის თემაზე. იმაზე "ავარდნენ" ფიზიკურად. რატომღაც მოინდომეს, ჩემი აზრით, გუშინ, რომ ადამიანებისთვის "შეესაღებინათ", რომ ეს იყო გავრილოვი.

გავრილოვისგან განსხვავება ის იყო, რომ ის აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. თორემ გავრილოვი მანამდე ერთი კვირა იყო და არავის აინტერესებდა. ხალხი აღაშფოთა იმან, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე.

გასაგებია, ვინც აორგანიზებდა ამ ამბავს, სცადა, რომ ქოცებისთვის მოეწყოთ იგივე გავრილოვი, ოღონდ გავრილოვის გარეშე, კონტექსტის გარეშე. ერთი რუსი, მეორე რუსი, ერთი პუტინისტი, მეორე პუტინისტი - პუტინისტი რუსების მეტი რა დადის საქართველოში. მაგათ თუ ვუშვებთ, ეს რითი განსხვავდებოდა? გასაგებია, რომ პუტინის პროპაგანდიასტია, საჯაროდ ჰქონდა ნათქვამი, ჰაი-ჰუი. კაცი ჩამოვიდა 50 სტუმართან ერთად და მივუვარდით იმიტომ, რომ შიდა პოლიტიკური ამბების მოგვარება გვინდოდა", - ამბობს ხვიჩია.

ხვიჩიამ გადაცემა დაუჯერებელ ამბებში  ასევე თქვა, რომ აინტერესებს აქციის მონაწილეთა ლოგიკური მსჯელობა, უნდა მოსთხოვონ თუ არა საქართველოში შემომსვლელ რუსეთის ყველა მოქალაქეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება.

"გამოხატვის თავისუფლების აპოლოგეტი ვარ, მაგრამ მაინტერესებს აქციის მონაწილეები როგორ აწყობენ ლოგიკურ ჯაჭვს. ყველა რუსს, რუსეთის მოქალაქეს, ვინც შემოდის, უნდა დავადებინოთ ფიცი საზღვართან, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუ რა უნდა გააკეთოს. წესრიგი რომ უნდათ, რომლის დამყარებასაც ასე ცდილობენ, იმ წესრიგის შედეგი რა იქნება?", - განაცხადა ხვიჩიამ

რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ პოზნერი აირზენას ჩარტერული რეისით, შოუ ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა.

იგი, მის დელეგაციასთან ერთად სასტუმრო რუმსში მივიდა, შემდეგ კი კომენდანტის საათის დროს, 21 საათის შემდეგ, რეგულაციების დარღვევით, რესტორან ვინოტელში ავტობუსით გადავიდა. ისინი თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას აპირებდნენ.

ქართველი აქტივისტები ვლადიმირ პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ, როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. ისინი პოლიციას მოუწოდებდნენ, რომ აღეკვეთათ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ კომენდანტის საათის დარღვევა და აკრძალვის მიუხედავად, ღამის საათებში რესტორანში ვახშმობა. 

ვინოტელთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. 

პარალელურად, შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია, აშშ-ს მოქალაქეა და არაერთხელ ყოფილა საქართველოში.

სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს და სასტუმრო რუმსში დაბრუნდნენ, სადაც აქციამაც გადაინაცვლა. 

აქტივისტებმა სასტუმრო რუმსის ფანჯრებს კვერცხები დაუშინეს და მოითხოვეს, რუსულ დელეგაციას დაუყოვნებლივ დაეტოვებინა საქართველო. 

პოზნერმა და მისმა მეგობრებმა სასტუმრო გამთენიისას, 6 საათზე დატოვეს და აირზენას ჩარტერული რეისით თბილისიდან უკვე რუსეთში გაბრუნდნენ.

სასტუმროს კარიდან ავტობუსის შესასვლელამდე ისინი პოლიციის კორდონითა და აქტივისტების შეძახილების ფონზე შევიდნენ. 

შრომის ინსპექციის ცნობით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი წესების დარღვევისთვის, ვინოტელი 10 000 ლარით დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვლადიმირ პოზნერი და 31 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო 2000-2000 ლარით დააჯარიმეს, დანარჩენ 9 პირს კი იზოლაციისა და კარანტინის წესი არ დაურღვევია.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი". 


close დახურვა